მათთვის ვინც საქართველოში ჯერ არ ყოფილა


თუ შენ ჯერ არასდროს ყოფილხარ საქართველოში ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არასდროს დაგისვენია ერთდროულად მთაშიც და ზღვაზეც. შენ არასდროს წასულხარ სათხილამურო კურორტიდან პირდაპირ პლიაჟზე და არ მიგიღია მზის დარტყმა თოვლში. გუდაურს, სადაც თოვლი ნოემბრიდან მაისის ბოლომდეა და ბათუმს, სადაც შავი ზღვის სეზონი ივნისიდან იხსნება, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებს. ასე რომ შენ გაჩერების დრო უბრალოდ არ გრჩება და ერთ დღეში შეგიძლია ორივე ადგილას უპრობლემოდ აღმოჩნდე და თან ისე დაისვენო, რომ საკმაო ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობები დაგრჩეს საქართველოს სხვა კურორტების მოსანახულებლადაც. თუ შენი სამოგზაურო გეგმები ჩემს გეგმებს ზუსტად მიყვება მაშინ შენ ბათუმიდან ნახევარ საათში გემით მწვანე კონცხზე მოხვდები. იქ შენ უამრავი ჯიშისა და წლის მცენარეები დაგხვდება, მთავარია ფოტოაპარატის წამოღება არ დაგავიწყდეს.
თუ შენთვის მთის სუფთა ჰაერი და ოჯახური დასვენება ჯერ კიდევ უცხოა მაშინ ბორჯომსა და ბახმაროს ესტუმრე, არც საირმე იქნება ურიგო. ამ კურორტებზე შენ დაუვიწყარი დასვენება გელოდება, სადაც არ შეგაწუხებს ღამის კლუბიდან გამომავალი მუსიკა, არც მანქანების გამონაბოლქვი და არც მაღალგრადუსიანი სიცხე. შენ აქ მხოლოდ ტყეში სეირნობითა და მეგობრებთან საუბრით დაიღლები.
თუ შენ არც ალპინისტი ხარ და არც მთამსვლელი მაშინ შენ ვერასდროს დაადგამდი ფეხს ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე. ეს მესტიაა (სვანეთი) - კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა. მხარე მდიდარია არქეოლოგიური მასალითა და შუასაუკუნეების ხალხური შემოქმედების ექსპონატებითსვანეთის რეგიონი იდეალური ადგილია ჯიპ ტურებისათვის, რომლის დროსაც ტურისტს ეძლევა საშუალება ეზიაროს მისი ბუნების სილამაზეს.
ალბათ გაგიკვირდება გამოქვაბულების ქალაქ უფლისციხეში რომ შემოგთავაზო გასეირნება, მაგრამ დამირეჯერე მისი მონახულების შემდეგ შენი გაკვირვება გაოცებაში გადავა და უბრალოდ ვერ მიხვდები რომელ საუკუნეში იმყოფები. თუ შენ საქართველოს ისტორიას ჯერ კიდევ არ იცნობ კარგად, მაშინ უფლისციხე და ვარძია ზუსტად ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო.
კურორტების მრავალფეროვნებით საქართველო, ჩემი აზრით, პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგანაც შენ აქ უამრავი შესაძლებლობა გეძლევა. საქართველოს უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ყველაფრის მონახულებას 1 კვირაში შეძლებ და დარწმუნებული ვარ გაკვირვებული დარჩები. შენ მხოლოდ ის მოგეთხოვება, რომ ახლავე დაგვიკავშირდე, ჩაალაგო ბარგი და საქართველოსკენ გამოემგზავრო. და რა თქმა უნდა.. ფოტოაპარატის წამოღება არ დაგავიწყდეს..

No comments:

Post a Comment